2023 წლის გაზაფხულის სეზონის შეჯამება

კინგსის 2023 წლის გაზაფხულის სეზონი ძალიან ნაყოფიერი, აქტიური, ახალი პროექტებით, ახალი პარტნიორებითა და სამომავლო იდეებით დატვირთული იყო. მოდით, შევაჯამოთ, თვალი გადავავლოთ და შემოდგომის სეზონსაც მოტივაციით შევხვდეთ. სწორედ 2023 წლის გაზაფხულზე, კინგსი IEO-ს (საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის) ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში და წელს პირველად, ივლისში, საქართველოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე 5 წევრისაგან შემდგარი ნაკრები კონკურსში ონლაინ ფორმატით ჩაერთო, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსიდან, რომელმაც უზრუნველყო ყველა საჭირო პირობა გამართული და სრული ჩართულობისათვის. გაზაფხულის სეზონზე, კინგსი PH international-თან დამეგობრდა და 2023 წლის შემოდგომაზე USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გრანტის ფარგლებში ფინანსურ წიგნიერებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა. ამავე სეზონზე, ყველასთვის საყვარელი კინგსის აკადემია უკვე სრულად დაუბრუნდა ფიზიკურ სივრცეს და აუდიტორია 52-ე სკოლაში გახსნა, სადაც მოსწავლეები შემოდგომის სეზონიდან ისევ სახალისოდ და საინტერესოდ შეისწავლიან მათთვის საყვარელ კურსებს. ამას გარდა ონლაინ კურსების მსურველთათვის იქნება შესაძლებლობა ისწავლონ ონლაინ. კინგსის რჩეულთა ბანაკი, რა თქმა უნდა, ყველა დროსა და ყველა სეზონზე რჩება კინგსისა და კინგსელების ყველაზე საყვარელ პროექტად. 2023 წლის ზაფხულში ბანაკმა ადგილი ანაკლიაში დაიდო, სადაც დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე დღეები გავატარეთ. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი კინგსის გამორჩეული პარტნიორია, ივნისში მათთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში წელსაც გაიმართა ინტელექტის ოლიმპიადა, რომელიც გრანდიოზული დაჯილდოებით დასრულდა. ,,სასკოლო რა? სად? როდის?“ კინგსისა და საქართველოს ინტელექტ კლუბის- რა? სად? როდის? პირველი ერთობლივი პროექტი იყო 2023 წლის მაისში, რომელიც უდავოდ გახდა ერთ-ერთი საყვარელი პროექტი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი კი, ამ პროექტშიც ჩვენი გენერალური მხარდამჭერი იყო. კინგსის ლიგა, გაზაფხულის სეზონზეც, ჩვეული აქტიურობითა და საუკეთესო კინგსელი მედალოსნების გამოვლენით დასრულდა. კინგსის საგნობრივი ოლიმპიადები კი, მართლაც გამოირჩეოდა თავისი მასშტაბურობითა და რაოდენობით, რეიტინგული სიის გამოქვეყნებით, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიითა და საუკეთესო კინგსელების გამოვლენის სასიხარულო პროცესით. ამ ყველაფერში კი ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, რომ ამ სეზონის დახურვის პროცესი და საპრიზო ფონდი ყოფილიყო ღირსეული. 

ამიტომ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და სულმოუთქმელად ველოდებით ახალ სეზონს, ახალი შესაძლებლობებით.